მგზავრებისა და ბარგის საჰაერო გადაყვანის ზოგადი პირობები

შინაარსი

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება. 2

მუხლი 2. მოქმედების სფერო.. 3

მუხლი 3. ბილეთები. 4

მუხლი 4. მგზავრობის საფასური, გადასახადები, საფასურები და მოსაკრებლები. 8

მუხლი 5. ჯავშნები. 9

მუხლი 6. რეგისტრაცია და ჩასხდომა. 10

მუხლი 7. გადაყვანის შეზღუდვა და გადაყვანაზე უარის თქმა. 11

მუხლი 8. ბარგი. 13

მუხლი 9. ჩასხდომაზე უარი, ფრენის გაუქმება და დაგვიანება. 18

მუხლი 10. თანხის დაბრუნება. 22

მუხლი 11. ბორტზე ქცევის წესები. 23

მუხლი 12. დამატებითი მომსახურებები. 25

მუხლი 13. ადმინისტრაციული პროცედურები. 25

მუხლი 14. პასუხისმგებლობა ზიანისთვის. 27

მუხლი 15. სათაურები. 30

მუხლი 16. სხვა პირობები. 30

უხლი 17. სასამართლო დავები


. 31

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თუ ტექსტიდან ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

„ჩვენ“შპს „ჯორჯიან ეარვეისი“.

„თქვენ“ — ნებისმიერი პირი, რომელიც წარმოადგენს მგზავრს (იხ. აგრეთვე „მგზავრის“ განმარტება).

„მგზავრობის კლასი“ — ეკონომ კლასი და ბიზნეს კლასი.

„ჯავშანი“ — დაგეგმილი გადაყვანის შესახებ არსებული სრული ინფორმაცია.

„კუპონი“ — ბილეთის ნაწილი, რომელიც მგზავრს კონკრეტულ სამგზავრო მონაკვეთზე გადაყვანის უფლებას ანიჭებს.

„მგზავრი“ — ბილეთის მფლობელი ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი თანხმობით მგზავრობს ან უნდა იმგზავროს საჰაერო ხომალდით.

„ავიაბილეთი“ ან „ბილეთი“ — ფასიანი ფრენის ელექტრონულად რეგისტრირებული, დანომრილი დოკუმენტი, რომელიც დასტურდება ბილეთის ქვითრით (მგზავრის ქვითრით). წინამდებარე პირობებში ტერმინები „ავიაბილეთი“ და „ბილეთი“ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება.

„კომბინირებული ბილეთი” — მგზავრზე გაცემულ ბილეთთან კავშირში გაცემული სხვა ბილეთი, რომელიც მასთან ერთად ქმნის გადაყვანის ერთიან ხელშეკრულებას.

„მგზავრობის შეწყვეტა“ — მგზავრის მოთხოვნით მგზავრობის დროებითი შეწყვეტა გამგზავრების ადგილსა და საბოლოო დანიშნულების ადგილს შორის მდებარე შუალედურ პუნქტში, იმ პირობით, რომ ეს წინასწარ არის შეთანხმებული და დამტკიცებული ავიაკომპანიის მიერ.

„ბარგის ქვითარი“ — ბილეთის ნაწილი, რომელიც თქვენს რეგისტრირებულ ბარგსა და მის გადაზიდვას ეხება.

„PIR“ (Property Irregularity Report)ქონებრივი დარღვევის შესახებ ანგარიში: სტანდარტული დოკუმენტი, რომელსაც ავსებს მგზავრი ჩვენს ან ჩვენი წარმომადგენლის ბარგის მომსახურების სამსახურთან ერთად, აეროპორტში, ბარგის გაცემის ზონის დატოვებამდე, ბარგის დაზიანების, დაკარგვის ან დაგვიანების აღმოჩენისთანავე. PIR აფიქსირებს შემთხვევის გარემოებებს და წარმოადგენს 14.3.3 და 14.4.4 პუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის საფუძველს.

„ავიაგადამზიდველი“ — ბილეთში მითითებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს მგზავრის გადაყვანას ან/და მისი ბარგის გადაზიდვას და რომლის ავიაკომპანიის საიდენტიფიკაციო კოდიც მითითებულია ბილეთში.

„რეგისტრაციის ბოლო ვადა“ — ჩვენ ან შესაბამისი გადამზიდველის მიერ განსაზღვრული დრო, რომლის ამოწურვამდე უნდა დაასრულოთ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და მიიღოთ ჩასხდომის ბარათი.

„ზიანი“ — გარდაცვალება, სხეულის დაზიანება, დაგვიანებით გამოწვეული ზიანი, დანაკლისი ან ნებისმიერი სხვა სახის ზიანი, რომელიც წარმოიშობა ფრენით გადაყვანისას ან გადამზიდველის მიერ გაწეულ სხვა მომსახურებასთან დაკავშირებით.

„SDR“ — საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული ნასესხობის სპეციალური უფლება (Special Drawing Right).

„დღეები“ — სრული კალენდარული დღეები, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების ჩათვლით. შეტყობინების ვადის გამოთვლისას არ ჩაითვლება შეტყობინების გაგზავნის დღე, ხოლო ბილეთის მოქმედების ვადის განსაზღვრისას — ბილეთის გაცემის ან გამგზავრების დღე.

ფრენის კუპონი ნიშნავს ბილეთის იმ ნაწილს, რომელიც გაცემულიაჯორჯიან ეარვეისისმიერ ან მისი სახელით და იდენტიფიცირებულია როგორცძალაშია გადაყვანისთვისან ელექტრონული ბილეთის შემთხვევაში, იგი მოიაზრებს ელექტრონულ კუპონს და მიუთითებს კონკრეტულ ადგილებს, რომელთა შორისაც მოქმედებს მგზავრის გადაყვანის უფლება.

მუხლი 2. მოქმედების სფერო

ზოგადი დებულებები

2.1. გადაყვანის წინამდებარე ზოგადი პირობები ვრცელდება იმ ფრენებზე, რომელთა ბილეთშიც მითითებულია ავიაკომპანიის კოდი „A9“.

კოდის გაზიარება

2.2. ჩვენ სხვა ავიაკომპანიებთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმებები, რომლებიც ცნობილია როგორც „კოდის გაზიარების“ შეთანხმებები. ეს ნიშნავს, რომ ფრენა შესაძლოა ფაქტობრივად სხვა ავიაკომპანიამ შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთში გადამზიდველად „ჯორჯიან ეარვეისი” (A9) არის მითითებული. კოდის გაზიარებით შესრულებული ფრენის შემთხვევაში, ჯავშნის განხორციელებისას „ჯორჯიან ეარვეისი” გაცნობებთ, რომელი გადამზიდველი ასრულებს კონკრეტულ ფრენას.

გადაყვანის წინამდებარე ზოგადი პირობები ასევე ვრცელდება კოდის გაზიარებით შესრულებულ იმ ფრენებზე, რომლებსაც სხვა გადამზიდველი ასრულებს.

თუ ფრენას სხვა გადამზიდველი ასრულებს, უნდა გაეცნოთ ამ გადამზიდველის სპეციფიკურ წესებსა და პირობებს, მათ შორის, რეგისტრაციის ვადებს, ჯავშნის ხელახალი დადასტურების წესებს, თანმხლები პირის გარეშე არასრულწლოვნების გადაყვანის მოთხოვნებსა და პოლიტიკას, ცხოველების გადაყვანის პირობებს, გადაყვანაზე უარის თქმის საფუძვლებს, ჟანგბადის მოწყობილობების გამოყენების წესებს, ოპერაციული დარღვევების შემთხვევაში მოქმედ პირობებს, ჩასხდომაზე უარის თქმისას კომპენსაციის წესებსა და უფასო ბარგის ნორმებსა და მიღების პირობებს.

ინტერლაინი

2.3. გადაყვანის წინამდებარე პირობები არ ვრცელდება იმ ფრენებზე, რომელთა ბილეთშიც ავიაკომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი „A9“ მითითებული არ არის, მაშინაც კი, თუ ბილეთი ჩვენ მიერ არის გაცემული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ წარმოვადგენთ ავიაგადამზიდველს და მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ვასრულებთ თქვენსა და იმ გადამზიდველს შორის, რომლის ავიაკომპანიის საიდენტიფიკაციო კოდიც ბილეთშია მითითებული. შესაბამისად, ასეთ გადაყვანაზე ვრცელდება შესაბამისი გადამზიდველის სატარიფო წესები და გადაყვანის პირობები.

ჩარტერული ოპერაციები

2.4. ჩარტერული ხელშეკრულების საფუძველზე გადაყვანისას, წინამდებარე პირობები გამოიყენება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი ასახულია (მითითებით თუ სხვაგვარად) ჩარტერულ ხელშეკრულებაში ან ბილეთში.

მუხლი 3. ბილეთები

ზოგადი დებულებები

3.1.

3.1.1. ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ბილეთში მითითებული მგზავრის გადაყვანას და მხოლოდ დადასტურებული ჯავშნის არსებობის შემთხვევაში. თუ მგზავრი ვერ დაადასტურებს საკუთარ ვინაობას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვუთხრათ მას გადაყვანაზე.

3.1.2. მგზავრი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა ქაღალდის ბილეთის დაკარგვის ან მოპარვის თავიდან ასაცილებლად. ბილეთის სხვა პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.

3.1.3. ბილეთის საფასურის დაბრუნების პირობები განისაზღვრება ბილეთის გაცემის მომენტში მოქმედი შესაბამისი სატარიფო წესებით. გთხოვთ, შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებთან ყველაზე მეტად შესაბამისი ტარიფი. შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს მგზავრობის გაუქმების დაზღვევის შეძენაც.

3.1.4. ელექტრონული ბილეთების გარდა, მგზავრების გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შეუძლიათ წარმოადგინონ მოქმედი ქაღალდის ბილეთი, რომელიც შეიცავს შესაბამისი რეისის კუპონს და ყველა სხვა გამოუყენებელ კუპონს, ასევე მგზავრის კუპონს.

გარდა ამისა, ბილეთი, რომელიც დაზიანებულია ან შეცვლილია სხვა პირის მიერ, გარდა გადამზიდველის ან მისი ერთ-ერთი უფლებამოსილი აგენტისა, არ გამოიყენება გადაყვანისთვის. შემცვლელი ბილეთის გაცემის პირობები მოწესრიგებულია 3.6 მუხლით.

ელექტრონული ბილეთების შემთხვევაში მგზავრებმა უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი; მათი გადაყვანა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი ელექტრონული ბილეთი გაცემულია მათ სახელზე.

3.1.5. ბილეთი ნებისმიერ დროს წარმოადგენს და რჩება გამცემი ავიაკომპანიის საკუთრებად.

3.1.6. ჩვენი დასახელება ბილეთში შეიძლება შემოკლებული იყოს ჩვენი ავიაკომპანიის საიდენტიფიკაციო კოდით ან სხვა ფორმით. გამგზავრების ადგილად ჩაითვლება ბილეთის „გადამზიდველის“ გრაფაში ჩვენი დასახელების პირველი შემოკლების გასწვრივ მითითებული გამგზავრების აეროპორტი, ხოლო ელექტრონული ბილეთის შემთხვევაში — მარშრუტში/ქვითარში ჩვენი პირველი სამგზავრო მონაკვეთისთვის მითითებული გამგზავრების აეროპორტი.

მოქმედების ვადა

3.2.

3.2.1. თუ ბილეთში, წინამდებარე პირობებში ან მოქმედ სატარიფო წესებში სხვა რამ არ არის განსაზღვრული — მათ შორის, თუ მოქმედი ტარიფი ბილეთში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე არ ადგენს მოქმედების უფრო მოკლე ვადას — ბილეთი მოქმედებს:

3.2.1.1. მისი გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში; ან

3.2.1.2. დაგეგმილი მგზავრობის დაწყების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მგზავრობის დაწყება ბილეთის გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

3.2.2. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობის დაწყების შემდეგ, ავადმყოფობის მიზეზით, ვერ ახერხებთ მგზავრობის გაგრძელებას ბილეთის მოქმედების პერიოდში, ჩვენ მხედველობაში მივიღებთ აღნიშნულ გარემოებას და შესაძლოა გავახანგრძლივოთ თქვენი ავიაბილეთის მოქმედების ვადა. აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს, ვიდრე კვლავ შეძლებთ მგზავრობას ან ამის შემდგომ დაგეგმილ პირველივე ხელმისაწვდომ რეისამდე, იმავე კლასში ადგილების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

3.2.3. თუ მგზავრი მგზავრობის პროცესში გარდაიცვალა, მისი თანმხლები პირების ბილეთები შეიძლება შეიცვალოს მინიმალური ყოფნის ვადის მოთხოვნის გაუქმების ან ბილეთის მოქმედების ვადის გაგრძელების გზით. თუ მგზავრობის დაწყების შემდეგ გარდაიცვალა მგზავრის ოჯახის უახლოესი წევრი, შესაძლებელია როგორც მგზავრის, ისე მისი თანმხლები ოჯახის უახლოესი წევრების ბილეთების მოქმედების ვადის შესაბამისი ცვლილება. ასეთი ცვლილება განხორციელდება გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე. ამასთან, ბილეთის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიძლება აღემატებოდეს გარდაცვალების თარიღიდან სამოც (60) დღეს.

ცვლილებები მგზავრის მოთხოვნით

3.3.

3.3.1. თუ თქვენ შეარჩიეთ ტარიფი, რომლის პირობებითაც ბილეთში მითითებული სამგზავრო მონაკვეთების განსაზღვრული თანმიმდევრობით გამოყენებაა სავალდებულო, მაგრამ ყველა მონაკვეთს არ გამოიყენებთ ან მათ ბილეთში მითითებული თანმიმდევრობით არ გაივლით, ხოლო მგზავრობის სხვა მონაცემები უცვლელი დარჩება, და ჯავშნის განხორციელების დღეს შეცვლილი მარშრუტისთვის უფრო მაღალი ტარიფი იქნებოდა გადასახდელი, ჩვენ მოგვიანებით მოგთხოვთ სატარიფო სხვაობის გადახდას, თქვენ მიერ უკვე გადახდილი თანხის გათვალისწინებით. ავიაბილეთის საფასური განისაზღვრება იმ ტარიფის მიხედვით, რომლის გადახდაც თქვენი ფაქტობრივი მარშრუტისთვის, შესაბამის საფასო კატეგორიაში, ჯავშნის განხორციელების დღეს მოგიწევდათ.

თუ თქვენ მიერ თავდაპირველად დაჯავშნილი საფასო კატეგორია შეცვლილი მარშრუტისთვის ჯავშნის დღეს ხელმისაწვდომი არ იყო, სატარიფო სხვაობის გამოსათვლელად საფუძვლად აღებული იქნება შეცვლილი მარშრუტისთვის იმ დროს ხელმისაწვდომი ყველაზე დაბალი შესაბამისი საფასო კატეგორია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადაყვანა შესაძლოა დამოკიდებული იყოს აღნიშნული სატარიფო სხვაობის გადახდაზე.

თუ სატარიფო პირობების შესაბამისად თქვენი ბილეთი თანხის დაბრუნებას ექვემდებარება და მისი არცერთი სამგზავრო მონაკვეთი ჯერ არ გამოგიყენებიათ, შეგიძლიათ ტარიფის პირობების დაცვით მოითხოვოთ ბილეთის საფასურის დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში ბილეთით გათვალისწინებულ გადაყვანაზე უფლებას დაკარგავთ.

3.3.2. შეცვლილი მარშრუტისთვის სატარიფო სხვაობის გადახდის წესი არ გამოიყენება, თუ ფორსმაჟორული გარემოების ან თქვენგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზის გამო ვერ იწყებთ მგზავრობას ყველა მონაკვეთზე ან ვერ იცავთ ბილეთში მითითებულ თანმიმდევრობას. შეძლებისდაგვარად, გთხოვთ, ასეთი ცვლილების მიზეზები მათ შესახებ შეტყობისთანავე გვაცნობოთ.

პირგასამტეხლო მგზავრობის კლასის უნებართვო შეცვლისთვის

3.4. ბილეთი მგზავრს ანიჭებს მხოლოდ მასში მითითებული მგზავრობის კლასით გადაყვანის უფლებას. მგზავრის მოთხოვნით უფრო მაღალ მგზავრობის კლასში გადასვლა წარმოადგენს გადაყვანის ხელშეკრულების ცვლილებას და საჭიროებს ჩვენს პირდაპირ თანხმობას. თანხმობის გაცემის შემთხვევაში, უფრო მაღალ კლასში გადაყვანის აუცილებელი პირობაა მგზავრობის დაწყებამდე სატარიფო სხვაობის სრულად გადახდა. უფრო მაღალ მგზავრობის კლასში უნებართვოდ გადასვლა აკრძალულია. მგზავრის მიერ მისთვის მინიჭებული ადგილის დაკავებაზე უარის თქმა წარმოადგენს გადაყვანის ხელშეკრულების დარღვევას და გვაძლევს უფლებას, უარი ვთქვათ ამ მგზავრის გადაყვანაზე. თუ ხელშეკრულების დარღვევის მომენტში მგზავრის გადაყვანაზე უარის თქმა შეუძლებელია ან არაგონივრულია, ხელშეკრულების დარღვევისთვის გადახდილი უნდა იქნეს პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადახდაზე პასუხისმგებელია პირი, რომელმაც ფრენა დაჯავშნა. თუ ჯავშანი მესამე პირის გადაყვანისთვის განხორციელდა, ჯავშნის განმახორციელებელი პირი პასუხისმგებელია მესამე პირის მიერ ხელშეკრულების დარღვევით ჩადენილ ქმედებაზეც. პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს სხვაობას გადაყვანისთვის გადახდილ მთლიან ფასსა და მგზავრობის დღეს უფრო მაღალ, უნებართვოდ გამოყენებულ მგზავრობის კლასში იმავე გადაყვანისთვის ხელმისაწვდომ ყველაზე დაბალ მთლიან ფასს შორის, რასაც ემატება აღნიშნული სატარიფო სხვაობის 50%. ამასთან, ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ მგზავრის შემდგომ გადაყვანაზე.

ჯავშნის ბოროტად გამოყენება

3.5.

3.5.1. ჯავშნის ბოროტად გამოყენება სახეზეა, თუ ჯავშნის განხორციელებისას მგზავრს არ აქვს ნამდვილი განზრახვა, ისარგებლოს ბილეთით გათვალისწინებული გადაყვანის უფლებით ან მზად არ არის ამისთვის და იგი ჯავშანს აკეთებს ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების მოლოდინით, იმ მიზნით, რომ მას წარმოეშობა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

3.5.2. თუ არსებობს 3.5.1 პუნქტით გათვალისწინებული ბოროტად გამოყენების ობიექტურად იდენტიფიცირებადი ნიშნები, მაგალითად, სისტემატური ან განმეორებითი ჯავშნები რეალური მგზავრობის გარეშე, ჩვენ უფლება გვაქვს მივიღოთ შესაბამისი ზომები. კერძოდ, შეგვიძლია გავაუქმოთ შესაბამისი ჯავშანი, უარი ვუთხრათ მგზავრს ჩასხდომაზე ან შევუზღუდოთ მას მომავალში ჯავშნების განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ მგზავრს ვაცნობებთ ასეთი ზომებისა და მათი მიზეზების შესახებ.

3.5.3. 3.5.1 პუნქტის მნიშვნელობით ბოროტად გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ კომპენსაციის გადახდაზე. აღნიშნული ვრცელდება ექსკლუზიურად ბოროტად გამოყენების ამგვარ შემთხვევებზე და არ წარმოადგენს კანონმდებლობით მინიჭებული მგზავრის უფლებების სრულ გამორიცხვას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შემცვლელი ბილეთი

3.6. თუ თქვენი ბილეთი დაიკარგა ან დაზიანდა, ჩვენ თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გადმოგცემთ შემცვლელ ბილეთს, თუ ჩვენი ჩანაწერებით დადასტურდება, რომ შესაბამისი ბილეთი გაცემული იყო თქვენს სახელზე. შემცვლელი ბილეთის გაცემა ხდება მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე, რომლის ოდენობა შეადგენს 15 ევროს.

მუხლი 4. მგზავრობის საფასური, გადასახადები, საფასურები და მოსაკრებლები

საბოლოო ფასი

4.1. საბოლოო ფასი მოიცავს მგზავრობის ტარიფს, გადასახადებსა და მოსაკრებლებს.

მგზავრობის საფასური

4.2. გადასახდელი ტარიფი მოიცავს გადაყვანის ღირებულებას ფაქტობრივი გამგზავრების ადგილის აეროპორტიდან ფაქტობრივი საბოლოო დანიშნულების ადგილის აეროპორტამდე.

გადასახადები, საფასურები და მოსაკრებლები

4.3. სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების, სხვა უფლებამოსილი ორგანოს ან აეროპორტის ოპერატორის მიერ მგზავრთან ან მისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა მოქმედი გადასახადი, საფასური და სხვა მოსაკრებელი ავიაბილეთის საფასურთან ერთად თქვენ მიერ უნდა იქნეს გადახდილი. ბილეთის შეძენისას მოგეწოდებათ ინფორმაცია იმ გადასახადების, საფასურებისა და სხვა მოსაკრებლების შესახებ, რომლებიც ავიაბილეთის ტარიფში არ შედის. როგორც წესი, აღნიშნული თანხები ბილეთშიც ცალკეა მითითებული.

მუხლი 5. ჯავშნები

ჯავშნის პირობები

5.1.

5.1.1. თითოეული ფრენის კუპონი მიიღება მხოლოდ კუპონში მითითებული მგზავრობის კლასით და კონკრეტულად იმ დღესა და ფრენაზე გადაყვანისთვის. თუ ბილეთის გაცემისას ადგილი წინასწარ დაჯავშნილი არ არის, მისი დაჯავშნა მოგვიანებითაც შეიძლება, სასურველ ფრენაზე თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში.

5.1.2. ჩვენ ან ჩვენი უფლებამოსილი აგენტი დავარეგისტრირებთ თქვენს ჯავშანს ან ჯავშნებს.

5.1.3. ზოგიერთი ტარიფი ექვემდებარება პირობებს, რომლებიც ზღუდავს ჯავშნის გადაჯავშნის ან გაუქმების უფლებას.

5.2.

იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის ღირებულება არ იქნება გადახდილი ჩვენს ან ჩვენი უფლებამოსილი აგენტის მიერ განსაზღვრულ ბილეთის გაფორმების ბოლო ვადამდე, ჩვენ უფლებამოსილი ვიქნებით გავაუქმოთ ჯავშანი.

პერსონალური მონაცემები

5.3. ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი შესაბამისი მოთხოვნების დაცვით და მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის: ფრენის დაჯავშნა; ბილეთის შეძენა; დამატებითი მომსახურებების მიღება; ბილეთებისა და დამატებითი მომსახურებების თანხის დაბრუნება ან გადაჯავშნა; მომსახურებების შემუშავება და მიწოდება; საიმიგრაციო და ქვეყანაში შესვლის პროცედურების გამარტივება; აგრეთვე თქვენი მგზავრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის, სხვა ავიაკომპანიებისთვის ან ზემოაღნიშნული მომსახურებების სხვა მიმწოდებლებისთვის მიწოდება.

ადგილის წინასწარი დაჯავშნა

5.4.

5.4.1. ზოგიერთ ფრენაზე შეგიძლიათ ადგილი წინასწარ დაჯავშნოთ. ამ მომსახურების ფარგლებში, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, შეგიძლიათ აირჩიოთ ადგილის კონკრეტული კატეგორია — გასასვლელთან, ფანჯარასთან ან შუაში მდებარე ადგილი, აგრეთვე ადგილი ფეხებისთვის დამატებითი სივრცით. ეს მომსახურება ფასიანია და საფასური დამოკიდებულია ადგილის ტიპზე. ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილის კატეგორიის, ჯავშნის დროისა და სახეობის, ფრენისა და მარშრუტის მიხედვით. ფასიანი წინასწარი ადგილის დაჯავშნა სავალდებულო არ არის. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ადგილების დაჯავშნის შესაბამის გვერდზე.

5.4.2. თუ ადგილის წინასწარი დაჯავშნის საფასურს არ გადაიხდით, რეგისტრაციისას ადგილი უფასოდ მოგენიჭებათ. უკვე შერჩეული ან მინიჭებული ადგილის შეცვლა, არჩეული ტარიფის მიხედვით, შესაძლოა დამატებით საფასურს ექვემდებარებოდეს. ჩვენ ვერ მოგცემთ კონკრეტული ადგილის ან კონკრეტული კატეგორიის ადგილის ხელმისაწვდომობის გარანტიას.

5.4.3. ფრენის გადაჯავშნის შემთხვევაში არსებული ადგილის ჯავშანი ძალას კარგავს. თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ახალი ადგილი, თუმცა ტარიფის, ადგილის კატეგორიის, გადაჯავშნის დროისა და მარშრუტის მიხედვით, ახალი ჯავშანი შესაძლოა უფრო ძვირი იყოს.

5.4.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს მოგანიჭოთ ან შეგიცვალოთ ადგილი, მათ შორის თვითმფრინავში ჩასხდომის შემდეგაც. ასეთი ცვლილება შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციული, უსაფრთხოების ან საავიაციო უშიშროების მოთხოვნებიდან გამომდინარე. თუ თქვენ გადაიხადეთ ადგილის წინასწარი დაჯავშნის საფასური და ფრენა გაუქმდა, ან უსაფრთხოების ან ოპერაციული მიზეზით სხვა ადგილზე გადაგსვეს, ჩვენ დაგიბრუნებთ წინასწარი დაჯავშნის საფასურს. არჩეული ტარიფიდან გამომდინარე, თანხა არ დაგიბრუნდებათ, თუ საკუთარი სურვილით არ ისარგებლებთ ფრენით, ფრენას გადაჯავშნით, უფრო მაღალ მგზავრობის კლასში გადახვალთ ან ავარიულ გასასვლელთან მდებარე ადგილის გამოყენების მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შესახებ არასწორ ინფორმაციას მოგვაწვდით.

ჯავშნების ხელახალი დადასტურება

5.5.

5.5.1. ჩვენ არ ვითხოვთ ჯავშნის ხელახალ დადასტურებას „ჯორჯიან ეარვეისის“ ფრენებზე. თუ სხვა ავიაკომპანიები მგზავრისგან მოითხოვენ შემდგომი ან დასაბრუნებელი ფრენის ჯავშნის ხელახალ დადასტურებას, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს ავიაკომპანიები უფლებამოსილნი არიან, გააუქმონ შემდგომი ან დასაბრუნებელი ჯავშანი.

5.5.2. გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენს მგზავრობაში ჩართული ნებისმიერი სხვა ავიაკომპანიის მოთხოვნები ჯავშნის ხელახალ დადასტურებასთან დაკავშირებით. თუ ჯავშნის ხელახალი დადასტურება სავალდებულოა, თქვენ იგი უნდა დაადასტუროთ იმ ავიაკომპანიასთან, რომლის კოდიც მითითებულია ბილეთზე შესაბამისი ფრენის გასწვრივ.

მუხლი 6. რეგისტრაცია და ჩასხდომა

6.1. რეგისტრაციის ბოლო ვადა აეროპორტების მიხედვით განსხვავდება. გირჩევთ, წინასწარ გაეცნოთ შესაბამის ვადებს და დაიცვათ ისინი. თუ რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადას არ დაიცავთ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაუქმოთ თქვენი ჯავშანი. ჩვენ ან ბილეთის გამცემი ტურისტული სააგენტო გაცნობებთ ჩვენი ავიაკომპანიით ფრენის პირველი სეგმენტისთვის რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადას. ჩვენს ფრენებზე მოქმედი რეგისტრაციის ვადები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე ან იმ ტურისტულ სააგენტოსთან, სადაც ბილეთი გაიცა. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, მგზავრმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ფრენის განრიგით გათვალისწინებულ გამგზავრების დრომდე არაუგვიანეს 1 საათით ადრე.

6.2. ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდეთ არაუგვიანეს იმ დროისა, რომელიც რეგისტრაციისას თქვენთვის განვსაზღვრეთ.

6.3. თუ ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდებით, ჩვენ უფლება გვაქვს გავაუქმოთ თქვენი ჯავშანი.

6.4. ჩვენ არ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ დანაკარგსა თუ ხარჯზე, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იქნება თქვენ მიერ ამ მუხლის დებულებების შეუსრულებლობასთან.

მუხლი 7. გადაყვანის შეზღუდვა და გადაყვანაზე უარის თქმა

გადაყვანაზე უარის თქმის უფლება

7.1. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ, ჩვენი შეხედულებისამებრ, უარი გითხრათ გადაყვანაზე იმ შემთხვევაში, თუ ჯავშნის გაფორმებამდე წერილობით გაცნობეთ, რომ აღნიშნული წერილობითი შეტყობინების მომენტიდან ჩვენ აღარ უზრუნველვყოფთ თქვენს გადაყვანას ჩვენს რეისებზე.

ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს, თუ წინა ფრენისას თქვენ დაარღვიეთ მე-7 და მე-11 მუხლებით დადგენილი ქცევის წესები და ამის შედეგად თქვენი შემდგომი გადაყვანა ჩვენთვის მიუღებელი გახდა.

გარდა ამისა, ჩვენ უფლება გვაქვს უარი გითხრათ გადაყვანაზე, თუ:

7.1.1. ეს აუცილებელია უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, ან იმ სახელმწიფოს კანონებისა თუ სავალდებულო სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რომლის ტერიტორიაზეც სრულდება ფრენა, საიდანაც იგი სრულდება ან რომლის საჰაერო სივრცესაც გადაკვეთს; ან

7.1.2. თქვენმა გადაყვანამ შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვა მგზავრების უსაფრთხოებაზე, საავიაციო უშიშროებაზე, ჯანმრთელობასა ან კეთილდღეობაზე; ან

7.1.3. თქვენი ქცევა ან ფსიქიკური თუ ფიზიკური მდგომარეობა, მათ შორის, მაგალითად, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედება, ისეთია, რომ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, სხვა მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს; ან

7.1.4. წინა ფრენისას იქცეოდით ისე, რომ მნიშვნელოვნად დაარღვიეთ ჩვენი ქცევის წესები და ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ქცევა შეიძლება განმეორდეს; ან

7.1.5. თქვენ უარი განაცხადეთ უსაფრთხოების შემოწმების გავლაზე; ან

7.1.6. თქვენ არ გადაგიხდიათ შესაბამისი საბოლოო ფასი; ან

7.1.7. თქვენ არ ფლობთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტებს ან მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებთ მათი ეკიპაჟისთვის წარდგენაზე; ან

7.1.8. თქვენ წარმოადგენთ ბილეთს, რომელიც მოპოვებულია ან მიღებულია უკანონო გზით, ან ფიქსირდება როგორც დაკარგული ან მოპარული, ან გაყალბებულია, ან თუ ვერ ადასტურებთ თქვენს ვინაობას, როგორც ბილეთში მითითებული მგზავრი; ან

7.1.9. თქვენ არ იცავთ საავიაციო უშიშროების წესებს; ან

7.1.10. თქვენ არღვევთ ჩვენს ყველა საჰაერო ხომალდზე მოქმედ მოწევის აკრძალვის წესს როგორც ჩასხდომის პროცესში, ისე ბორტზე ყოფნისას და არ ემორჩილებით ბორტზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვებს.

ბავშვების გადაყვანა

7.2.

7.2.1. 6 წლამდე ასაკის ბავშვების მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ სულ მცირე 18 წლის ზრდასრული პირის ან არანაკლებ 16 წლის და-ძმის თანხლებით. 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების გადაყვანა თანმხლები პირის გარეშე ექვემდებარება ავიაკომპანიასთან წინასწარ შეთანხმებასა და შესაბამისი საფასურის გადახდას. თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვნების გადაყვანის მარეგულირებელი წესები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის გაყიდვების ოფისებში.

7.2.2. ბავშვებს ასევე შეუძლიათ იმგზავრონ საკუთარი საბავშვო სავარძლით, რომელიც დამაგრებული იქნება სამგზავრო სავარძელზე. ამისათვის, 2 წლამდე ასაკის მცირეწლოვანი ბავშვებისათვის უნდა დაჯავშნოთ დამატებითი ადგილი. თქვენ უნდა უზრუნველყოთ საბავშვო სავარძლის უსაფრთხოდ დამაგრება მთელი ფრენის განმავლობაში, სავარძელზე არსებული უსაფრთხოების ღვედის გამოყენებით. საბავშვო სავარძელი დაშვებული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ სალონში საბავშვო სავარძლის დაშვებაზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია არასათანადოდ დამაგრებული საბავშვო სავარძლით, მისი გაუმართაობით ან ინსტრუქციების დაუცველობით.

სპეციალური დახმარება

7.3. თანმხლები პირის გარეშე მყოფი ბავშვების, შეზღუდული მობილობის მქონე პირების, ორსული ქალების, ავადმყოფი პირების ან სხვა პირების, რომლებსაც სპეციალური დახმარება ესაჭიროებათ, გადაყვანა დასაშვებია ჩვენთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ფრენამდე 48 საათით ადრე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრს, რომელმაც ბილეთის გაფორმებისას გვაცნობა სპეციალური დახმარების საჭიროების შესახებ და რომლის გადაყვანაზეც ჩვენი თანხმობა გაიცა, შემდგომში გადაყვანაზე უარი არ ეთქმება მხოლოდ მისი შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური მოთხოვნების საფუძველზე.

მუხლი 8. ბარგი

უფასო ბარგი და ნორმაზე მეტი ბარგი

8.1. უფასო ბარგის ნორმები განისაზღვრება ფრენის დაჯავშნის მომენტში გამოქვეყნებული მოქმედი ტარიფების შესაბამისად. უფასო ბარგის ნორმაზე მეტი ბარგისა და სპეციალური ბარგის გადაზიდვისთვის თქვენ მოგიწევთ დამატებითი საფასურის გადახდა. ბარგის თითოეული ერთეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კილოგრამს.

სხვა პირისგან მიღებული ბარგი

8.2. ჩვენს ფრენებზე აკრძალულია უცნობი პირისგან მიღებული ბარგის გადაზიდვა როგორც ხელბარგის, ისე რეგისტრირებული ბარგის სახით.

ბარგად დაუშვებელი ნივთები

8.3.

8.3.1. ბარგად ან ბარგის შემადგენლობაში დაუშვებელია შემდეგი ნივთების გადაზიდვა:

8.3.1.1. ნივთები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდს ან ბორტზე მყოფ პირებსა თუ ქონებას, მათ შორის ისეთი ნივთები, რომლებიც მითითებულია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკურ ინსტრუქციებში“, IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სახიფათო ტვირთების წესებში და ჩვენს საკუთარ სატრანსპორტო წესებში. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე და ჩვენს ვებგვერდზე: https://georgian-airways.com/ka/information/dangerous-goods-&-prohibited-items;

8.3.1.2. ნივთები, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია გამგზავრების, დანიშნულების ან იმ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობითა და წესებით, რომლის საჰაერო სივრცესაც ფრენა კვეთს;

8.3.1.3. ნივთები, რომლებიც საფრთხის შემცველია, უსაფრთხოდ ვერ გადაიზიდება ან გადასაზიდად შეუსაბამოა მათი წონის, ზომის, ფორმის, მოყვანილობის ან იმის გამო, რომ მალფუჭებადი, მტვრევადი, მყიფეა ან განსაკუთრებულ მოპყრობას მოითხოვს.

8.3.2. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბარგის სახით გადაზიდვა აკრძალულია. ჩვენი პირობების შესაბამისად, რეგისტრირებული ბარგის სახით დასაშვებია მხოლოდ სანადირო ან სპორტული დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის გადაზიდვა. ნებისმიერი იარაღი უნდა იყოს დაცლილი, უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანილი და სათანადოდ შეფუთული სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ, ჩაკეტილ, მყარ და უსაფრთხო სატრანსპორტო კონტეინერში, მაგალითად, ხის, ლითონის, მყარი გარსის მასალის ან ქაფპოლისტიროლისგან დამზადებულ კონტეინერში. საბრძოლო მასალის გადაზიდვაზე ვრცელდება 8.3.1.1 პუნქტში მითითებული ICAO-სა და IATA-ს სახიფათო ტვირთების წესები. თქვენ ვალდებული ხართ, მიღებამდე შესამოწმებლად წარმოადგინოთ როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ისე საბრძოლო მასალა.

8.3.3. ბლაგვი საგნების და ისეთი იარაღის, როგორიცაა ანტიკვარული ცეცხლსასროლი იარაღი, ხმლები, დანები ან მსგავსი ნივთები, რეგისტრირებული ბარგის სახით გადაზიდვა დასაშვებია ჩვენი შეხედულებისამებრ, თუმცა მათი საჰაერო ხომალდის სალონში შეტანა აკრძალულია. თავდაცვის საშუალებების, როგორიცაა: გამაბრუებელი მოწყობილობები, ელექტროშოკური და პარალიზების გამომწვევი აპარატები, აგრეთვე ქმედუუნარობის გამომწვევი ქიმიკატები თუ ნივთიერებები (მაგალითად: ე.წ. „საძილე/გამაბრუებელი წვეთები“, ცრემლსადენი აეროზოლი, წიწაკის სპრეი, კაპსაიცინის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, მჟავის შემცველი და ცხოველების დასაფრთხობი სპრეები), ნებისმიერი სახის ბარგით გადაზიდვა აკრძალულია.

8.3.4. თუ ზემოაღნიშნული აკრძალვების მიუხედავად, 8.3.1, 8.3.2 ან 8.3.3 პუნქტებში მითითებული ნივთი მაინც მოხვდება თქვენს ბარგში, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ასეთი ნივთის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.

8.3.5. თქვენს რეგისტრირებულ ბარგში არ უნდა მოათავსოთ ფული, მედიკამენტები, გასაღებები, სამკაულები, ძვირფასი ლითონები, მიმოქცევადი დოკუმენტები, ფასიანი ქაღალდები ან სხვა ძვირფასი ნივთები, საქმიანი დოკუმენტები, პასპორტები და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები ან ნიმუშები, ასევე მოწყობილობაში დაუმონტაჟებელი ბატარეები და პორტატიული დამტენები. თუ ამ აკრძალვის მიუხედავად, აღნიშნული ნივთები მაინც იქნება მოთავსებული თქვენს რეგისტრირებულ ბარგში, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მათ დაკარგვასა თუ დაზიანებაზე.

8.3.6. მკაცრად რეკომენდებულია, მგზავრმა არ განათავსოს კომპიუტერები ან სხვა პორტატიული ელექტრონული მოწყობილობები რეგისტრირებულ ბარგში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რეკომენდაციის უგულებელყოფით მითითებული ნივთები მაინც აღმოჩნდება რეგისტრირებულ ბარგში, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ასეთი ნივთების დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.

ბარგის გადაზიდვაზე უარის თქმის უფლება

8.4.

8.4.1. ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ ბარგის გადაზიდვაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს 8.3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს.

8.4.2. ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ ისეთი ნივთის ბარგის სახით გადაზიდვაზე, რომელსაც გადაზიდვისთვის შეუფერებლად მივიჩნევთ მისი ზომის, ფორმის, წონის, შიგთავსის ან თვისებების გამო, უსაფრთხოების მოსაზრებებით ან იმის გამო, რომ მან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვა მგზავრების კეთილდღეობაზე. გადაზიდვისთვის შეუფერებელი ნივთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მოთხოვნის საფუძველზე.

8.4.3. ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ ბარგის მიღებაზე, თუ იგი არ არის სათანადოდ და შესაბამისი წესით შეფუთული ჩემოდანში ან სხვა მსგავს კონტეინერში ისე, რომ ჩვეულებრივი მოპყრობის პირობებში შესაძლებელი იყოს მისი უსაფრთხოდ გადაზიდვა.

მგზავრისა და ბარგის შემოწმება

8.5. უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მიზნით, შესაძლოა მოგთხოვოთ, ნება დაგვრთოთ ჩავატაროთ თქვენი პირადი შემოწმება ან დათვალიერება და თქვენი ბარგის შემოწმება, მათ შორის ბარგის რენტგენული სკანირება. თუ არ დაეთანხმებით თქვენი ან თქვენი ბარგის შემოწმებას იმ ნივთების გამოსავლენად, რომლებიც 8.3 პუნქტის შესაბამისად აკრძალულია ან სათანადოდ არ არის დეკლარირებული, ჩვენ უფლება გვაქვს უარი ვთქვათ როგორც თქვენს გადაყვანაზე, ისე თქვენი ბარგის გადაზიდვაზე. თუ თქვენ ადგილზე არ იმყოფებით, ჩვენ უფლება გვაქვს თქვენი დასწრების გარეშე გავხსნათ და შევამოწმოთ თქვენი ბარგი და ამოვიღოთ ის ნივთები, რომლებიც 8.3 პუნქტის შესაბამისად აკრძალულია ან დეკლარირებული არ არის. ჩვენ არ ვართ ვალდებული ამოღებული ნივთები შევინახოთ და არ ვაგებთ პასუხს მათ დაკარგვაზე ან დაზიანებაზე. ჩვენ ასევე არ ვაგებთ პასუხს ბარგის გახსნით გამოწვეულ ზიანზე, თუ ბარგში მოთავსებული იყო 8.3 პუნქტით აკრძალული ან არადეკლარირებული ნივთები.

რეგისტრირებული ბარგი

8.6.

8.6.1. რეგისტრირებული ბარგის ჩაბარების შემდეგ იგი ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა და ბარგის იდენტიფიცირების მიზნით ჩვენ გავცემთ ბარგის ქვითარსა და ბარგის საიდენტიფიკაციო იარლიყს.

8.6.2. რეგისტრირებულ ბარგზე დატანილი უნდა იყოს თქვენი სახელი ან სხვა პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემი.

8.6.3. რეგისტრირებული ბარგი გადაიზიდება იმავე საჰაერო ხომალდით, რომლითაც თქვენ მგზავრობთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი მომდევნო რეისით გამოიგზავნება, ჩვენ მას მოგაწვდით იმ ადგილას, სადაც იმყოფებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო შემოწმებისათვის აუცილებელია თქვენი პირადი დასწრება. წინამდებარე დათქმა გავლენას არ ახდენს მე-14 მუხლის („პასუხისმგებლობა ზიანისთვის“) მოქმედებაზე.

ხელბარგი

8.7.

8.7.1. ჩვენ განვსაზღვრავთ ხელბარგის დასაშვებ რაოდენობას, მაქსიმალურ წონასა და ზომას. ხელბარგი ყველა შემთხვევაში უნდა მოთავსდეს თქვენ წინ მდებარე სავარძლის ქვეშ ან ბარგისთვის განკუთვნილ ზედა სათავსოში. თუ ხელბარგი აღნიშნულ მოთხოვნებს ან უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების პირობებს არ აკმაყოფილებს, იგი რეგისტრირებული ბარგის სახით უნდა გადაიზიდოს და ამისთვის შესაძლოა დაგეკისროთ შესაბამისი საფასური თქვენი ტარიფისთვის მოქმედი ბარგის წესების შესაბამისად.

8.7.2. ისეთი ნივთები, რომლებიც ვერ გადაიზიდება საბარგო განყოფილებაში, მაგალითად, მტვრევადი მუსიკალური ინსტრუმენტები, და ამავე დროს არ აკმაყოფილებენ 8.7.1 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, კაბინაში გადასატანად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შესახებ წინასწარ შეგვატყობინებთ და ჩვენ მათ გადაზიდვას დავადასტურებთ. ამ დამატებითი მომსახურებისთვის შესაძლოა დაგეკისროთ დამატებითი საფასურის გადახდა.

რეგისტრირებული ბარგის დაბრუნება

8.8.

8.8.1. თქვენ ვალდებული ხართ, გაიტანოთ თქვენი ბარგი დაუყოვნებლივ, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება გაცემისთვის თქვენი საბოლოო დანიშნულების ან შუალედური გაჩერების აეროპორტში. თუ თქვენს რეგისტრირებულ ბარგს არ გაიტანთ მისი ხელმისაწვდომობის მომენტიდან ექვსი (6) თვის განმავლობაში, ჩვენ უფლება გვაქვს განვკარგოთ იგი თქვენ წინაშე ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. თქვენი რეგისტრირებული ბარგის შენახვა უფასოა.

8.8.2. ჩვენ რეგისტრირებულ ბარგს მხოლოდ ბარგის ქვითრის მფლობელს გადავცემთ.

8.8.3. თუ რეგისტრირებული ბარგის მომთხოვნი პირი ვერ წარმოადგენს ბარგის ქვითარს ან ბარგის საიდენტიფიკაციო იარლიყის საშუალებით ვერ შეძლებს ბარგის იდენტიფიცირებას, ბარგს მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავცემთ, თუ ჩვენთვის დამაკმაყოფილებლად დადასტურდება მისი უფლება აღნიშნული ბარგის მიღებაზე.

ცხოველების გადაყვანა

8.9.

8.9.1. შინაური ცხოველების გადაყვანა მოითხოვს ჩვენს თანხმობას და დაშვებულია მხოლოდ იმ პირობით, თუ ცხოველებს აქვთ ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის მოქმედი ცნობები, ქვეყანაში შესვლის ნებართვები და შესაბამისი ქვეყნების მიერ მოთხოვნილი სხვა სასაზღვრო თუ სატრანზიტო დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ წარმოადგენენ ოფიციალურად აღიარებულ თანმხლებ ან მეგზურ ძაღლებს, მათი გადაყვანა უნდა განხორციელდეს სათანადოდ, სატრანსპორტო გალიების ან ნებადართული გადასაყვანი კონტეინერების გამოყენებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვსაზღვროთ გადაყვანის ფორმა და შევზღუდოთ ერთ რეისზე გადასაყვანი ცხოველების რაოდენობა.

საჰაერო ხომალდის სალონში ტრანსპორტირებადი ცხოველები (საჭიროების შემთხვევაში, მათი გადასაყვანი კონტეინერების ჩათვლით) გაბარიტებით უნდა შეესაბამებოდნენ მგზავრის სავარძლის წინ არსებულ სივრცეს და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სათანადო ფიქსაცია (უსაფრთხოდ განთავსება) ბორტზე ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას კაბინაში ცხოველის დამატებითი ხელბარგის სახით გადაყვანის შესახებ: https://georgian-airways.com/ka/specialservices/travelling-with-pets.

8.9.2. მგზავრისთვის აუცილებელი აღიარებული მეგზური ძაღლი უფასოდ გადაიყვანება, მათ შორის სალონშიც, თუ არის ამის შესაძლებლობა.

8.9.3. „ჯორჯიან ეარვეისი” დამხმარე ცხოველების სახით ფრენაზე მხოლოდ ძაღლებს დაუშვებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრი, რომელიც დამხმარე ცხოველთან ერთად მოგზაურობს, სრულად არის პასუხისმგებელი დამხმარე ცხოველის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ქცევაზე. აღნიშნული პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს დამხმარე ცხოველის ურთიერთობას სხვა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებთან როგორც საჰაერო ხომალდის ბორტზე, ისე „ჯორჯიან ეარვეისის” მიერ კონტროლირებად აეროპორტის ტერიტორიაზე.

8.9.4. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი შინაური ცხოველის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და ქცევაზე, აგრეთვე ყველა იმ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე მოქმედი შესვლის, გასვლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა მოთხოვნების, კანონებისა და წესების დაცვაზე, საიდანაც ან სადაც ხდება ცხოველის გადაყვანა ან სადაც მდებარეობს შუალედური დანიშნულების ადგილი. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ყველა საჭირო ჯანმრთელობის ცნობას, ნებართვასა და ვაქცინაციას. კერძოდ, „ჯორჯიან ეარვეისი” არ აგებს პასუხს ცხოველის კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, აგრეთვე ცხოველის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და სხვა ხარჯებზე.

8.9.5. თანმხლები შინაური ცხოველების წონა, მათი კონტეინერისა და ტრანსპორტირებადი საკვების წონის ჩათვლით, არ შეიტანება მგზავრის ბარგის უფასო ნორმაში და მისი გადაყვანისთვის საფასური ცალკე გადაიხდება.

45 კგ-მდე წონის მეგზური ძაღლები, მათ კონტეინერებსა და საკვებთან ერთად, გადაყვანილი იქნებიან უფასოდ, ბარგის სტანდარტული უფასო ნორმის დამატებით, ჩვენ მიერ დადგენილი პირობების დაცვით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მოთხოვნისთანავე. მგზავრის მიერ მეგზური ძაღლის საჭიროება დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო ცნობით.

მუხლი 9. ჩასხდომაზე უარი, ფრენის გაუქმება და დაგვიანება

ჩასხდომაზე უარი

9.1.

9.1.1. თუ შეუძლებელია ყველა მგზავრის საჰაერო ხომალდში ჩასხდომა, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ შესაბამისი ჯავშანი ან/და ბილეთი და დროულად გამოცხადდნენ ჩასხდომაზე, ჩვენ პირველ რიგში მოვიძიებთ მგზავრებს, რომლებიც დამატებითი სარგებლის სანაცვლოდ ნებაყოფლობით იტყვიან უარს ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებულ ფრენაზე.

9.1.2. თუ მოხალისეთა რაოდენობა საკმარისი არ არის და მგზავრს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ უარი ეთქვა ჩასხდომაზე, მას დაუყოვნებლივ გადაეცემა 9.4 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია და მიეცემა 9.5 და 9.6 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარება.

ფრენის დაგვიანება

9.2.

9.2.1. ფრენის დაგვიანებისას ჩვენ მგზავრს უფასოდ მივაწვდით კვებასა და გამაგრილებელ სასმელებს, მოცდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე ორი სატელეფონო ზარის, ფაქსის, ტელეფაქსის ან ელექტრონული ფოსტის გამოყენების შესაძლებლობას, თუ დაგვიანება შეადგენს:

ა) 2 საათს ან მეტ დროს — 1,500 კილომეტრსა და ნაკლებ მანძილზე ფრენისას;

ბ) 3 საათს ან მეტ დროს — 1,500 კილომეტრზე მეტსა და 3,500 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე ფრენისას;

გ) 4 საათს ან მეტ დროს — 3,500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.

9.2.2. თუ ფრენა გადაიდება სულ მცირე ერთი დღე-ღამით, მგზავრს დამატებით უფასოდ მიეწოდება:

ა) სასტუმრო ან სხვა შესაბამისი საცხოვრებელი ადგილი, თუ აუცილებელია ერთი ან მეტი ღამის გატარება; და

ბ) ტრანსპორტირება აეროპორტიდან სასტუმრომდე ან სხვა საცხოვრებელ ადგილამდე და უკან, საჭიროების შესაბამისად.

9.2.3. თუ დაგვიანება შეადგენს სულ მცირე 5 საათს, მგზავრს აქვს უფლება მოითხოვოს 9.5.1 პუნქტით გათვალისწინებული ბილეთის ღირებულების ანაზღაურება და, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნება.

9.2.4. თუ დანიშნულების ბოლო პუნქტში ფაქტობრივი ჩაფრენის დრო ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს სულ მცირე 3 საათით აღემატება, მგზავრს აქვს 9.4 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ დავამტკიცებთ, რომ დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილებაც ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად შეუძლებელი იყო.

ფრენის გაუქმება

9.3.

9.3.1. ფრენის გაუქმების შემთხვევაში მგზავრს აქვს 9.5 და 9.6 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები და, შესაბამისი პირობების არსებობისას, 9.4 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება.

9.3.2. კომპენსაცია არ გადაიხდება, თუ:

ა) ფრენის გაუქმების შესახებ მგზავრს ინფორმაცია მიეწოდა დაგეგმილ ფრენამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე; ან

ბ) ინფორმაცია მიეწოდა დაგეგმილ ფრენამდე 7-დან 14 კალენდარულ დღემდე პერიოდში და მგზავრს შესთავაზეს ალტერნატიული ფრენა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა:


გამგზავრებას თავდაპირველ დროსთან შედარებით არაუმეტეს 2 საათით ადრე; და


დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩაფრენას თავდაპირველ დროსთან შედარებით 4 საათზე ნაკლები დაგვიანებით;


ან

გ) ინფორმაცია მიეწოდა დაგეგმილ ფრენამდე 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები დროით ადრე და მგზავრს შესთავაზეს ალტერნატიული ფრენა, რომელიც შესაძლებელს ხდიდა:


გამგზავრებას თავდაპირველ დროსთან შედარებით არაუმეტეს 1 საათით ადრე; და

დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩაფრენას თავდაპირველ დროსთან შედარებით არაუმეტეს 2 საათის დაგვიანებით.

9.3.3. კომპენსაცია აგრეთვე არ გადაიხდება, თუ დავამტკიცებთ, რომ ფრენის გაუქმება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილებაც ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად შეუძლებელი იყო.

კომპენსაციის ოდენობა

9.4.

9.4.1. საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაცია შეადგენს:

ა) 250 ევროს — 1,500 კილომეტრსა და ნაკლებ მანძილზე ფრენისას;

ბ) 400 ევროს — 1,500 კილომეტრზე მეტსა და 3,500 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე ფრენისას;

გ) 600 ევროს — 3,500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.

9.4.2. ჩასხდომაზე უარის თქმის ან ფრენის გაუქმების შემთხვევაში აღნიშნული კომპენსაცია შეიძლება შემცირდეს 50%-ით, თუ მგზავრს შესთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და დანიშნულების ბოლო პუნქტში ჩაფრენის დრო თავდაპირველ დაგეგმილ დროს არ აღემატება:

ა) 2 საათით — 1,500 კილომეტრსა და ნაკლებ მანძილზე;

ბ) 3 საათით — 1,500 კილომეტრზე მეტსა და 3,500 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე;

გ) 4 საათით — 3,500 კილომეტრზე მეტ მანძილზე.

9.4.3. ფრენის დაგვიანების შემთხვევაში 3,500 კილომეტრზე მეტ მანძილზე კომპენსაცია შეიძლება შემცირდეს 50%-ით, თუ მგზავრს შესთავაზეს ალტერნატიული მარშრუტი და დანიშნულების ბოლო პუნქტში ფაქტობრივი ჩაფრენის დრო ბილეთში მითითებულ დროს 4 საათზე მეტით არ აღემატება.

9.4.4. კომპენსაცია გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

ბილეთის ღირებულების დაბრუნება ან ალტერნატიული მარშრუტი

9.5.

9.5.1. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მგზავრს მისი არჩევანით შევთავაზებთ:

ა) ბილეთის ღირებულების ანაზღაურებას იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა, 7 დღის განმავლობაში, მგზავრობის როგორც შეუსრულებელი, ისე უკვე შესრულებული ნაწილის ღირებულების ჩათვლით, თუ შესრულებულმა გადაყვანამ მგზავრის თავდაპირველი სამოგზაურო მიზნის მიღწევას აზრი დაუკარგა, და საჭიროების შემთხვევაში პირველი შესაძლებლობისთანავე საწყის პუნქტამდე დაბრუნებას; ან

ბ) პირველი შესაძლებლობისთანავე თანაბარი პირობებით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე ალტერნატიული მარშრუტით გადაყვანას; ან

გ) მგზავრის სურვილის გათვალისწინებით, მოგვიანებით მისთვის ხელსაყრელ დროს თანაბარი პირობებით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე ალტერნატიული მარშრუტით გადაყვანას, თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში.

უფასო მომსახურება

9.6.

9.6.1. შესაბამის შემთხვევებში მგზავრს უფასოდ მივაწვდით:

ა) კვებასა და გამაგრილებელ სასმელებს მოცდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით;

ბ) სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელ ადგილს, თუ აუცილებელია ერთი ან მეტი ღამის გატარება;

გ) ტრანსპორტირებას აეროპორტიდან სასტუმრომდე ან სხვა საცხოვრებელ ადგილამდე და უკან;

) ორ სატელეფონო ზარს, ფაქსს, ტელეფაქსს ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობის შესაძლებლობას.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გაუარესება

9.7.

9.7.1. თუ ჩვენ გადაგიყვანთ მომსახურების იმაზე უფრო მაღალ კლასზე, რომლისთვისაც შეძენილი გქონდათ ბილეთი, ამის სანაცვლოდ დამატებით გადასახადს არ მოგთხოვთ.

9.7.2. თუ ჩვენ შეძენილი ბილეთის კლასთან შედარებით დაბალ კლასზე გადაგიყვანთ, ვალდებული ვართ, ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან 7 დღის განმავლობაში აგინაზღაუროთ:

ა) ბილეთის ღირებულების 30% — 1,500 კილომეტრამდე მანძილზე;

ბ) ბილეთის ღირებულების 50% — 1,500-დან 3,500 კილომეტრამდე მანძილზე;

გ) ბილეთის ღირებულების 75% — 3,500 კილომეტრზე მეტ მანძილზე.

9.7.3. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ იზღუდება და არ უქმდება გადაყვანის ხელშეკრულებაში რაიმე შემზღუდავი პირობის დამატებით.

მუხლი 10. თანხის დაბრუნება

ზოგადი დებულებები

10.1.

10.1.1. ფრენის გაუქმების, გადაჯავშნის ან დაგვიანების შემთხვევაში, სხვა შესაძლო მოთხოვნებთან ერთად, შესაბამისი პირობების არსებობისას შესაძლებელია მგზავრობის საფასურის დაბრუნებაც.

10.1.2. თანხის დაბრუნება ასევე შეიძლება განხორციელდეს მოქმედი სატარიფო პირობების შესაბამისად. ზოგიერთი ტარიფი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

10.1.3. მგზავრობის საფასურის, გადასახადებისა და მოსაკრებლების დასაბრუნებელი ოდენობა გამოითვლება მოქმედი სატარიფო პირობებისა და ბილეთის უკვე გამოყენებული მონაკვეთების გათვალისწინებით. ჩვენ არ ვაბრუნებთ გადახდის კონკრეტული მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკომისიოს.

10.1.4. თანხის ნებაყოფლობითი დაბრუნება განხორციელდება მხოლოდ იმ გადამზიდველის მიერ, რომელმაც თავდაპირველად გასცა ბილეთი, ან მისი აგენტის მიერ, თუ მას აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.

თანხის მიმღები

10.2. როგორც წესი, თანხა ბრუნდება იმავე გადახდის საშუალებაზე, რომელიც ჯავშნის განხორციელებისას იქნა გამოყენებული. ასეთი გადახდა ითვლება თანხის დაბრუნებად იმ პირისთვის, რომელსაც თანხის მიღების უფლება აქვს.

ვალუტა

10.3. თანხა დაბრუნდება იმავე ვალუტაში, რომლითაც ბილეთის საფასური გადაიხადეთ. თქვენი გადახდის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სავალუტო კონვერტაციის კურსებისა და დარიცხული საკომისიოების გამო დაბრუნებული თანხის ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს თავდაპირველად გადახდილი თანხისგან.

თანხის დაბრუნება ტურისტული სააგენტოს მეშვეობით

10.4. ტურისტული სააგენტოს მეშვეობით დაჯავშნილი ბილეთის შემთხვევაში, დასაბრუნებელი თანხა შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ თანხისგან, რომელიც თქვენ ტურისტულ სააგენტოს გადაუხადეთ, სააგენტოს მიერ დარიცხული საკომისიოების გამო. ამიტომ გირჩევთ, თანხის დაბრუნების საკითხზე უშუალოდ შესაბამის ტურისტულ სააგენტოს მიმართოთ.

მუხლი 11. ბორტზე ქცევის წესები

ზოგადი დებულებები

11.1. ეკიპაჟის მითითებების შესრულება სავალდებულოა. თუ საჰაერო ხომალდის ბორტზე თქვენი ქცევით საფრთხეს შეუქმნით საჰაერო ხომალდს, ბორტზე მყოფ ნებისმიერ პირს ან ქონებას, ხელს შეუშლით ეკიპაჟს მოვალეობების შესრულებაში, არ დაემორჩილებით ეკიპაჟის მითითებას ან მოიქცევით ისე, რომ სხვა მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს შეუქმნით დისკომფორტს ან უხერხულობას, მიაყენებთ ზიანს ან სხეულის დაზიანებას, ჩვენ უფლება გვაქვს გავატაროთ ნებისმიერი გონივრულად აუცილებელი და თანაზომიერი ღონისძიება ასეთი ქცევის გაგრძელების აღსაკვეთად, მათ შორის თქვენი ფიზიკური შეზღუდვის ზომებიც. ჩვენ შეიძლება უარი გითხრათ შემდგომ გადაყვანაზე, ხოლო საჰაერო ხომალდის ბორტზე თქვენი ქცევის გამო შესაძლოა თქვენს მიმართ შესაბამისი სამართლებრივი წარმოებაც დაიწყოს.

ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ბორტზე

11.2. ბორტზე დაუშვებელია მობილური ტელეფონების, რადიომოწყობილობებისა და დისტანციური მართვის სათამაშოების გამოყენება. მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ შემდეგი პირობები:

11.2.1. აუდიო ან აუდიოვიზუალური მასალის მოსმენა ან ნახვა დასაშვებია მხოლოდ ყურსასმენების ან სხვა ანალოგიური გამომავალი მოწყობილობის მეშვეობით. ხმის დონე უნდა იყოს ისეთი, რომ ნებისმიერ დროს შეძლოთ ეკიპაჟის მითითებების გაგონება და შესრულება.

11.2.2. მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტთან დაკავშირების შესაძლებლობის მქონე სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ფრენის დროს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწყობილობა გადართულია „ფრენის რეჟიმზე“. ბორტზე აკრძალულია სატელეფონო ზარებში, ვიდეოზარებში, საკონფერენციო ზარებში ან რეალურ დროში ხმოვანი თუ ვიდეოკომუნიკაციის სხვა ნებისმიერ ფორმაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს ყურსასმენების ან მსგავსი გამომავალი მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაშიც.

11.2.3. საჰაერო ხომალდის ბორტზე ფოტო- და ვიდეოგადაღება ნებადართულია მხოლოდ იმ მოცულობით, რომ აღნიშნული ქმედებით არ მოხდება სხვა პირთა უფლებების ხელყოფა, რაც, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს. საჰაერო ხომალდის ბორტიდან აუდიო, ვიდეო ან გამოსახულების შემცველი მასალის პირდაპირი ტრანსლირება აკრძალულია. აღნიშნული მოიცავს ისეთ მასალასაც, რომელშიც ასახულია მგზავრები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურები ან ეკიპაჟის მითითებები. ასეთი მასალის ნებისმიერი პირდაპირი გადაცემა, გაზიარება ან გავრცელება, მათ შორის სოციალური მედიის პლატფორმებზე პირდაპირი ტრანსლირების გზით, აკრძალულია.

ფრენა მოწევის გარეშე

11.3. ყველა ფრენაზე მოწევა სრულად აკრძალულია. მოწევა დაუშვებელია საჰაერო ხომალდის ნებისმიერ ნაწილში. ეს წესი ასევე ვრცელდება ელექტრონულ სიგარეტებზე.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება

11.4. მგზავრების მიერ ბორტზე შეტანილი ალკოჰოლური სასმელების, ასევე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება თვითმფრინავის ბორტზე აკრძალულია.

უსაფრთხოების ღვედის გამოყენების ვალდებულება

11.5. როგორც წესი, ფრენის განმავლობაში ვალდებული ხართ დარჩეთ თქვენს სავარძელში. სავარძელში ჯდომისას ვალდებული ხართ უსაფრთხოების ღვედი შეკრული გქონდეთ.

მუხლი 12. დამატებითი მომსახურებები

თუ ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენთვის მესამე პირის მიერ ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება ფრენას, ან გავცემთ სამგზავრო დოკუმენტებს ისეთ გადაყვანაზე, რომელიც არ წარმოადგენს საჰაერო ფრენას, ამგვარი მოქმედებისას ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ როგორც შუამავალი. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს უშუალოდ მესამე პირის მომსახურების მიმწოდებლის წესები და პირობები.

მუხლი 13. ადმინისტრაციული პროცედურები

ზოგადი დებულებები

13.1.

13.1.1. თქვენ ვალდებული ხართ და სრულად აგებთ პასუხს ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტისა და ვიზის მოპოვებაზე, ასევე იმ ქვეყნების ყველა კანონისა და რეგულაციის დაცვაზე, საიდანაც მიფრინავთ, სადაც მიფრინავთ, ან რომელთა გავლითაც ტრანზიტულად მგზავრობთ; იგივე წესი ვრცელდება ამ საკითხთან დაკავშირებულ ჩვენს რეგულაციებსა და ინსტრუქციებზეც. თქვენი სამგზავრო დოკუმენტები და ვიზები მოქმედი უნდა იყოს მგზავრობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი შუალედური გაჩერების ჩათვლით. ჩვენ არ ვიღებთ რაიმე სახის პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით; კერძოდ, ჩვენ არ ვართ ვალდებული შევამოწმოთ დოკუმენტების ძალაში ყოფნის ფაქტი.

13.1.2. ჩვენ პასუხისმგებელი არ ვიქნებით იმ შედეგებზე, რომლებიც წარმოიშობა იმის გამო, რომ თქვენ თან არ გაქვთ ასეთი დოკუმენტები ან ვიზები, ან არ იცავთ მოქმედ კანონებს, რეგულაციებს ან მითითებებს.

სამგზავრო დოკუმენტები

13.2. მგზავრობამდე და ჩვენი მოთხოვნისთანავე, თქვენ უნდა წარმოადგინოთ დანიშნულების ან სატრანზიტო ქვეყნების მიერ მოთხოვნილი ქვეყანაში შესვლისა და გასვლის ყველა დოკუმენტი, აგრეთვე ჯანმრთელობისა თუ სხვა ცნობები და, საჭიროების შემთხვევაში, უფლება მოგვცეთ, გადავიღოთ და შევინახოთ მათი ასლები. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი გითხრათ გადაყვანაზე, თუ თქვენ არ შეასრულებთ ამ მოთხოვნებს ან თუ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები არასრულია. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს რაიმე ზარალზე ან ხარჯებზე, რომლებიც თქვენ განიცადეთ ამ დებულებების შეუსრულებლობის შედეგად.

ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

13.3. თუ თქვენ რაიმე მიზეზით რომელიმე ქვეყანაში შესვლაზე უარი გეთქვათ, ვალდებული ხართ გადაიხადოთ შესაბამისი ავიაბილეთის საფასური იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოგვიწევს თქვენი დაბრუნება გამომგზავრების ადგილზე ან სხვა დანიშნულების პუნქტში იმის გამო, რომ არ მოგეცათ შესაბამის ქვეყანაში (სატრანზიტო ან დანიშნულების ქვეყანაში) შესვლის უფლება. ამ საფასურის დასაფარად, ჩვენ უფლება გვაქვს გამოვიყენოთ გამოუყენებელი მგზავრობისთვის თქვენ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა. ჩვენ არ დავაბრუნებთ იმ მგზავრობის საფასურს, რომელიც გადახდილია შესვლაზე უარის თქმის ან დეპორტაციის ადგილამდე შესრულებული ფრენისთვის.

მგზავრის პასუხისმგებლობა ჯარიმებსა და სხვა ხარჯებზე

13.4. თუ ჩვენ მოგვიწევს რაიმე სახის ჯარიმის ან სანქციის გადახდა ან დეპოზიტზე განთავსება, ან სხვა რაიმე ხარჯის გაწევა თქვენ მიერ შესაბამის ქვეყანაში შესვლის ან ტრანზიტით გავლის კანონებისა თუ რეგულაციების დაუცველობის, ან მოთხოვნილი დოკუმენტების სათანადო ფორმით წარუდგენლობის გამო, თქვენ ვალდებული ხართ, პირველივე მოთხოვნისთანავე აგვინაზღაუროთ გადახდილი ან დეპოზიტზე შეტანილი ნებისმიერი თანხა.

საბაჟო შემოწმება

13.5. მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ წარადგინოთ როგორც თქვენი რეგისტრირებული ბარგი, ისე ხელბარგი საბაჟო ან სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მიერ შესამოწმებლად. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მგზავრს მიადგება ამგვარი შემოწმების პროცესში, ან მგზავრის მიერ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად.

უსაფრთხოების შემოწმება

13.6. თქვენ ვალდებული ხართ, გაიაროთ ნებისმიერი უსაფრთხოების შემოწმება, რომელსაც ატარებენ სახელმწიფო ორგანოები, ან აეროპორტის თანამშრომლები და ასეთი შემოწმებისთვის თქვენი ბარგიც წარადგინოთ.

მონაცემთა გადაცემა

13.7. ჩვენ უფლება გვაქვს, გადავცეთ თქვენი პასპორტის მონაცემები და თქვენს ფრენასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დამუშავებული და გამოყენებული ყველა თქვენი პერსონალური მონაცემი ადგილობრივ თუ უცხოურ უწყებებს, თუ ეს ორგანოები მოგვთხოვენ ამას სავალდებულო საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე და გადაყვანის ხელშეკრულების შესრულების მიზნით.

მუხლი 14. პასუხისმგებლობა ზიანისთვის

ზოგადი დებულებები

14.1.

14.1.1. გადაყვანისას პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება 1999 წლის 28 მაისის მონრეალის კონვენციით („მონრეალის კონვენცია“) და საქართველოს კანონმდებლობით.

14.1.2. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო თავად დაზარალებულმა მხარემაც, გამოიყენება ეროვნული კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამორიცხვას ან შემცირებას დაზარალებული მხარის შერეული ბრალის (ბრალეული თანამონაწილეობის) საფუძველზე.

14.1.3. მონრეალის კონვენციის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი უნდა იქნეს შეტანილი ორი წლის განმავლობაში, რომელიც აითვლება საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის დღიდან, იმ დღიდან, როდესაც საჰაერო ხომალდი უნდა ჩამოფრენილიყო, ან იმ დღიდან, როდესაც გადაყვანა შეწყდა.

14.1.4. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვა სახელმწიფო ორგანოების სავალდებულო მოთხოვნების ჩვენი მხრიდან შესრულების შედეგად ან თქვენ მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

14.1.5. ჩვენი პასუხისმგებლობა არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებს დადასტურებული ზიანის ოდენობას. ჩვენ პასუხს ვაგებთ არაპირდაპირ ან თანმდევ ზიანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამოწვეულია ჩვენი ან ჩვენი პერსონალის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახი ქმედებით. აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება სხეულის დაზიანების შემთხვევებზე.

14.1.6. მონრეალის კონვენციითა და შესაბამისი მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვისა და შეზღუდვის წესები ძალაში რჩება, თუ გადაყვანის წინამდებარე ზოგადი პირობებით პირდაპირ სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

კომპენსაცია მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში

14.2.

14.2.1. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის. 151,880 SDR-მდე ზიანის შემთხვევაში გადამზიდველს არ შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უარყოფა ბრალის არარსებობაზე მითითებით. აღნიშნულ თანხაზე მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილების თავიდან აცილება გადამზიდველს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ არც თავად და არც მისი თანამშრომლები არ მოქმედებდნენ გაუფრთხილებლად ან სხვაგვარად ბრალეულად და რომ ზიანი არ გამოუწვევია მათ გაუფრთხილებელ ან სხვაგვარად ბრალეულ უმოქმედობას.

წინასწარი გადახდა

14.2.2. მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში, გადამზიდველი ვალდებულია ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირის იდენტიფიცირებიდან 15 დღის განმავლობაში განახორციელოს წინასწარი გადახდა მისი გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დასაფარავად. მგზავრის გარდაცვალების შემთხვევაში წინასწარი გადახდის ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 16,000 SDR-ს.

ბარგის დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება

14.3.

14.3.1. წინამდებარე პირობების 8.6 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში მოქმედებს ბრალისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბარგი უკვე დაზიანებული იყო გადაყვანამდე. არარეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში ჩვენ პასუხისმგებლობა დაგვეკისრება მხოლოდ ჩვენი ან ჩვენი პერსონალის ბრალეული მოქმედების ან უმოქმედობის შემთხვევაში.

ბარგთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ლიმიტები

14.3.2. ბარგის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა შეზღუდულია 1,519 SDR-მდე. პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ლიმიტი მოქმედებს, თუ მგზავრი არაუგვიანეს რეგისტრაციის მომენტისა წარადგენს სპეციალურ დეკლარაციას დანიშნულების ადგილზე რეგისტრირებული ბარგის ჩაბარების მიმართ თავისი განსაკუთრებული ფინანსური ინტერესის ოდენობის შესახებ და გადაიხდის მოთხოვნილ დამატებით საფასურს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ლიმიტად მიიჩნევა შეთანხმებული თანხა, თუ გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ ეს თანხა აღემატება მგზავრის რეალურ ინტერესს დანიშნულების ადგილზე რეგისტრირებული ბარგის მიღების მიმართ.

ბარგთან დაკავშირებული საჩივრები

14.3.3. ბარგის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების აღმოჩენისთანავე, აეროპორტის ბარგის გაცემის ზონის დატოვებამდე, თქვენ ვალდებული ხართ მიმართოთ ჩვენს ან ჩვენი წარმომადგენლის ბარგის მომსახურების სამსახურს და შეავსოთ ქონებრივი დარღვევის შესახებ ანგარიში (PIR), რომელშიც მიეთითება თქვენი საკონტაქტო მონაცემები, ბარგის საიდენტიფიკაციო ნომერი და შემთხვევის მოკლე აღწერა; PIR-ის ნომერი მიუთითეთ ქვემოთ აღწერილი წერილობითი შეტყობინების დროსაც. თუ თქვენ მოწოდებულ ბარგს ყოველგვარი შენიშვნის გარეშე ჩაიბარებთ, საპირისპიროს დამტკიცებამდე ჩაითვლება, რომ ბარგი კარგ მდგომარეობაში და გადაყვანის ხელშეკრულების შესაბამისად გადმოგეცათ. ბარგის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში მგზავრმა კომპენსაციის მოთხოვნით ავიაკომპანიას რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს წერილობით ან ტექსტური ფორმით. ბარგის დაზიანების შემთხვევაში მგზავრი კარგავს შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის უფლებას, თუ უფლებამოსილი პირი დაზიანების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ არ შეატყობინებს ამის შესახებ გადამზიდველს, ხოლო რეგისტრირებული ბარგის შემთხვევაში — არაუგვიანეს ბარგის მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში. აღნიშნული წესი არ გამოიყენება, თუ გადამზიდველი თაღლითურად მოქმედებდა.

14.3.4. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენს ბარგში მოთავსებული ნივთებით გამოწვეულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი ჩვენი მხრიდან განზრახი მოქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული. თუ თქვენს ბარგში მოთავსებული ნივთები დააზიანებს სხვა მგზავრის ბარგს ან ჩვენს ქონებას, თქვენ ვალდებული ხართ სრულად აგვინაზღაუროთ აღნიშნულით გამოწვეული ყველა ზიანი და ხარჯი.

მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის დაგვიანება

14.4.

14.4.1. ჩვენ პასუხს ვაგებთ მგზავრების გადაყვანისას და რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვისას დაგვიანებით გამოწვეულ ზიანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩვენ და ჩვენმა პერსონალმა მივიღეთ ყველა გონივრული ზომა ასეთი ზიანის თავიდან ასაცილებლად ან როდესაც ასეთი ზომების მიღება ჩვენთვის ან ჩვენი პერსონალისთვის შეუძლებელი იყო.

დაგვიანებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობის ლიმიტები

14.4.2. მგზავრის გადაყვანის დაგვიანებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობა შეზღუდულია 6,303 SDR-მდე.

14.4.3. ბარგის გადაზიდვის დაგვიანებით გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებლობა შეზღუდულია 1,519 SDR-მდე. პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ლიმიტი მოქმედებს, თუ მგზავრი არაუგვიანეს რეგისტრაციის მომენტისა წარადგენს სპეციალურ დეკლარაციას დანიშნულების ადგილზე რეგისტრირებული ბარგის ჩაბარების მიმართ თავისი განსაკუთრებული ფინანსური ინტერესის ოდენობის შესახებ და გადაიხდის მოთხოვნილ დამატებით საფასურს. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ლიმიტად მიიჩნევა შეთანხმებული თანხა, თუ გადამზიდველი ვერ დაამტკიცებს, რომ ეს თანხა აღემატება მგზავრის რეალურ ინტერესს დანიშნულების ადგილზე რეგისტრირებული ბარგის მიღების მიმართ.

ბარგთან დაკავშირებული საჩივრები

14.4.4. თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლისთანავე ვერ იპოვეთ, ვალდებული ხართ, ბარგის გაცემის ზონის დატოვებამდე, დაუყოვნებლივ მიმართოთ ჩვენს ბარგის მომსახურების სამსახურს და შეავსოთ ქონებრივი დარღვევის შესახებ ანგარიში (PIR) 14.3.3 პუნქტში აღწერილი წესით; PIR-ის ნომერი გამოიყენება ბარგის მოძიებისა და თქვენთვის მიწოდების პროცესში. ბარგის დაგვიანებით მიწოდებით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში მგზავრმა გადამზიდველს რაც შეიძლება მალე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ წერილობით ან ტექსტური ფორმით. დაგვიანებით გამოწვეულ ზიანთან დაკავშირებით მგზავრი კარგავს შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის უფლებას, თუ უფლებამოსილი პირი ზიანის შესახებ შეტყობინებას ბარგის მიწოდებიდან 21 დღის განმავლობაში არ წარადგენს. აღნიშნული წესი არ გამოიყენება, თუ გადამზიდველი თაღლითურად მოქმედებდა.

მგზავრის შერეული ბრალი

14.4.5. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის დადგომას ხელი შეუწყო თავად დაზარალებულმა მხარემაც, საკომპენსაციო მოთხოვნის მოცულობა დაექვემდებარება შემცირებას აღნიშნული მხარის შერეული ბრალის (ბრალეული თანამონაწილეობის) პროპორციულად. კერძოდ, დაზარალებული მხარე ვალდებულია, არ გაზარდოს საკუთარი ბარგის დაკარგვით ან დაგვიანებული გადაზიდვით გამოწვეული ასანაზღაურებელი კომპენსაციის მოცულობა ჩანაცვლებითი ნივთების არაგონივრული შესყიდვის გზით.

მუხლი 15. სათაურები

გადაყვანის წინამდებარე პირობებში გამოყენებული სათაურები მხოლოდ ტექსტის შინაარსის გასაგებად არის მოცემული და არ არის მნიშვნელოვანი არც განმარტებისთვის და არც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენისთვის.

მუხლი 16. სხვა პირობები

16.1. გადაყვანა ექვემდებარება გარკვეულ დამატებით რეგულაციებსა და პირობებს, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან ან გამოქვეყნებულია ჩვენ მიერ. აღნიშნული რეგულაციები და პირობები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხება: არასრულწლოვანთა, ორსულთა და ავადმყოფ მგზავრთა გადაყვანას, ისევე როგორც ბორტზე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაზე დაწესებულ შეზღუდვებს. გთხოვთ, გაეცნოთ შესაბამის ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე: georgian-airways.com.

16.2.ჯორჯიან ეარვეისის“ არცერთ აგენტს, თანამშრომელს ან წარმომადგენელს არ აქვს უფლება, შეცვალოს ან შეასწოროს წინამდებარე გადაყვანის პირობების რომელიმე დებულება ან უარი თქვას ამ დებულების გამოყენებაზე.

მუხლი 17. სასამართლო დავები

თუ გადაყვანის წინამდებარე პირობებით, კონვენციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მგზავრსა და გადამზიდველს შორის დადებულ გადაყვანის ხელშეკრულებასთან, ექვემდებარება იმ სასამართლოს იურისდიქციას, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.